ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებისგან სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება. კითხვას, რატომ ამბობს უარს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე და განიცდის თუ არა ამ საკითხზე რამე გარე ზეწოლას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის პასუხისმგებელია, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე.
„როგორც პრეზიდენტმა, მე უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა, რომელმაც მრავალი მსხვერპლი დატოვა. ეს არის საკითხი, რომელიც კვლავ ჰყოფს საქართველოს მოსახლეობას. ისეც არ არის, ქართველი ხალხი მიიჩნევდეს, რომ სააკაშვილი არ არის დამნაშავე. ისინი შეიძლება, არ ეთანხმებოდნენ იმას, რომ მას, შესაძლოა, ეპყრობოდნენ არა ისე, როგორც პრეზიდენტს უნდა ეპყრობოდნენ.
ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის – შესაძლოა, არა პირადად მის მიერ, თუმცა მისი ხელმძღვანელობით. ასეთი შეგრძნებაა ზოგადად. ამასთანავე, არის შეგრძნება, რომ საჭიროა მასთან ღირსეულად მოპყრობა და გადაწყვეტილების მოძებნა. აღვნიშნავ, რომ ექსტრადირების მოთხოვნა არ ყოფილა. ყველაფერი ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა. შეწყალება მორალური საკითხია, რომელზეც მე პასუხისმგბელობა მეკისრება ადამიანების წინაშე, რომლებიც სხვადასხვანაირები არიან. თუმცა, მე ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ევროპაში ჩემი კავშირებით და ვცდილობ, ვიმუშავო ხელისუფლებასთან გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომელიც უფრო მეტად იქნება იმის შესაბამისი, თუ როგორ უნდა ყოფილ პრეზიდენტთან მოპყრობა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ჯერ არ ყოფილა. მათ შეუძლიათ ექსტრადირების მოთხოვნაზე სხვადასხვანაირი რეაგირება, თუმცა მათ უნდა მოახდინონ რეაგირება. ისინი პასუხისმგებლები არიან ამ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ხომ არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის საკითხმა, შესაძლოა, უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობა დაანგრიოს, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის უერთიერთობები ამაზე მაღლა დგას.
„ვიმედოვნებ, რომ არა და ვფიქრობ, რომ არა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობები ამაზე მაღლა დგას. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რადგან ის ყოფილ პრეზიდენტს ეხება, თუმცა ისევ ვიტყვი, რომ ამ საკითხში პირველი მსაჯული არის ქართველი ხალხი, რომელმაც ის წლები გამოიარა. ქვეყნის ფარგლებს გარედან ყოველთვის ძალიან რთულია მსჯელობა იმაზე, როგორ აისახა ან არ აისახა ესა თუ ის რეჟიმი მოსახლეობაზე. ამიტომ ეს ალბათ ასევე გასათვალისწინებელია. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მიუმართავს თუ არა მისთვის პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მრავალ ადამიანს მიუმართავს მისთვის ამ თხოვნით.
„მრავალ ადამიანს უთხოვია ჩემთვის პირადად, თუმცა მე მათ ვუხსნიდი, რომ შეწყალება არ არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო. თუმცა, არსებობს სხვა გზები, და თუ არსებობს ზეწოლა, ეს ზეწოლა უნდა იქნას გამოყენებული იქ, სადაც პასუხისმგებლობა დევს და სადაც არის რამის შეცვლის ძალაუფლება. მაგალითად, მე უკვე ვახსენე ელექტრონული სამაჯური. ყველაფერი ეს ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც უნდა მოძებნოს გზები, რომლებიც იქნებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების უფრო მეტად შესაბამისი. ეს არ არის ახალი საკითხი. მრავალი ქვეყნის მრავალი პრეზიდენტი იყო გასამართლებული და ზოგჯერ ჩვენ გვესმის, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება. თუმცა, არის ასევე ზოგადად მიღებული მიდგომები მოცემული სირთულის გადასაწყვეტად და ჩვენ ვალდებულები ვართ, უფრო მეტად შევესაბამებოდეთ მათ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილს ასევე კითხვა დაუსვეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თემაზეც, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში სრულიად სხვა სიტუაციაა.
„ერთადერთი, როგორც ჩანს, არის ის, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია ზეწოლის ქვეშ შეწყალება, რადგან მასზე, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინონ შიგნიდან და მე ამის შესახებ ვისაუბრე ევროპარლამენტში. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ, ვფიქრობ, სამი ათასი პატიმარი გვყავს. მათი ოჯახებიდან, მეგობრებიდან ან გავლენის ჯგუფებიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ზეწოლის დაწყება. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება ჩემზეა.
მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ მის შესაბამისად. მე საკუთარ თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როდესაც გადავწყვეტ, გავაკეთო ეს თუ არა. თუმცა, რაც ნაკლებია გარედან ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალებისთვის.
ხელისუფლებაზე ზეწოლა, პასუხის მოთხოვნა – ეს სხვა საქმეა. თუმცა, შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილება ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ის პატარა თუ დიდი, გამოყენებული კამპანიის მასშტაბების მიუხედავად, ვერ იქნება ზეწოლის საგანი. მე თავად ვიყავი ძალიან არაგონივრული სიტყვების სამიზნე ამ ჟურნალისტის მხრიდან, რომელიც იყო არამხოლოდ ჟურნალისტი.
ის ასევე სხვადასხვა დროს იყო პროკურორი და არა ის პროკურორი, რომელიც ნამდვილ მართლმსაჯულებას ახორციელებდა. თუმცა, ადამიანები პასუხს აგებენ მხოლოდ იმისთვის, რისთვისაც ისინი გაასამართლეს. მიმაჩნია, რომ შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება - ეს ერთადერთი უფლებაა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.