პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც საქართველოში პარაპლანებით ფრენების რეგულირება განხორციელდება, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, "საქაერონავიგაციასთან" ერთად, უმოკლეს ვადებში დაასრულდა მუშაობა გუდაურში პარაპლანით უსაფრთხო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე და გამოსცა შესაბამისი ნოტამი აღნიშნულ საჰაერო სივრცეში როგორც პარაპლანების, ასევე საჰაერო ხომალდის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

პარაპლანით ფრენებისთვის უსაფრთხო საჰაერო სივრცის გამოყოფით შესრულდა მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებისადმი დადგენილი ვალდებულებები.

საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი მიმდინარე წლის 10 მაისს მიიღო, ხოლო საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტში მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა, ეხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისა და პარაპლანის ფრენების რეგულირებას, რაც აქამდე ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული არ იყო.

„მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ კანონმდებლობაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილება და მოთხოვნები, ასევე ხაზგასასმელია, რომ უმოკლეს ვადებში განისაზღვრა და უკვე გამოცემულია პირველი ნოტამიც გუდაურში პარაპლანებით საფრენ სივრცეზე. კანონით განსაზღვრული რეგულირების პროცესი, სახელმწიფოს ზედამხედველობით, აქტიურად გაგრძელდება, რაც, უპირველესად, გულისხმობს მფრინავისთვის ფრენის შესაბამისი მოწმობის გაცემას თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, ასევე საფრენი აპარატების ვარგისიანობის შემოწმებას, უსაფრთხო საფრენოსნო სივრცეების განსაზღვრას და ოპერატორების სერტიფიცირებას. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მინიმუმამდე იქნას შემცირებული პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული რისკები“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

აღნიშნული ინფორმაცია ეკონომოკის სამინისტრომ გაავრცელა.