პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე წარუდგინა. ინფორმაციას ზურაბიშვილის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას პრეზიდენტი განიხილავდა, თუმცა „მისი დამოუკიდებლობა კითხვება აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ხუციშვილის კატეგორიული მოთხოვნით“.

რაც ეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით.

ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ, მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს იყო პრეზიდენტის ვეტო; რაც აზიანებს ბანკისა და ქვეყნის რეპუტაციას კი, მმართველი პარტიის მხრიდან ვეტოს დაძლევის მუქარაა“, - განაცხადა მსხილაძემ 7 ივნისს.


23 თებერვალს პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.

პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია.