სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი განწყობაც გაუმჯობესებულია - ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი განწყობაც გაუმჯობესებულია.

„შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად, მხოლოდ ჩვენი კლინიკის გამოტანილი დიაგნოზების მდგომარეობას შეესაბამება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი კლინიკის ყველა დიაგნოზი დადასტურებულია. შესაბამისად, ამ მკურნალობის შედეგია, რომ პაციენტი თავს უკეთესად გრძნობს, უფრო გააქტიურებულია, მოძრაობითაც უფრო აქტიურად მოძრაობს, მისი განწყობაც გაუმჯობესებულია. კვება, რა თქმა უნდა, რჩება პრობლემად.

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მკურნალობის პროცესის. სრულად არ ხდება ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება, თუმცა კვების ნაწილი რაოდენობრივად გაუმჯობესებულია. გარკვეულწილად ითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს, სამკურნალო პროცედურებსაც, თუმცა არის რაღაც მომენტები, როცა მთლად ურთიერთთანხმობა არ გვაქვს ამ ნაწილში“, – აცხადებს ჩხაიძე.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.