ჩვენ უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება, რათა პოზიტიური გარემო იქმნებოდეს, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„[კანდიდატის სტატუსის შესახებ] გადაწყვეტილება ჩემს ხელში არ არის, ჩემი უფროსების ხელში არ არის, ევროკავშირის ინსტიტუტებს ხელში არ არის. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში შემდეგი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ხელშია, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ასე რომ, დეკემბერში 27 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იქნება, ერთმანეთს შეხვდებიან, განიხილავენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება ერთსულოვნებაზე იქნება დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ყველა წევრი სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში შემდეგ ნაბიჯებზე. დეკემბრამდე დრო, ნახევარი წელი ჯერ კიდევ არის. ასე რომ, რეალურად ველით პროგრესს 12 პრიორიტეტზე, რაც შეიძლება მეტ პროგრესს. და ჩვენ ასევე უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება, რათა პოზიტიური გარემო იქმნებოდეს, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.