13 ივნისიდან, ჩინეთის ბანკმა რუსული ბანკის მომხმარებლებს, ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში იუანში გადარიცხვები შეუზღუდა. ამის შესახებ Ekho Kavkaza RBC-ზე დაყრდნობით იუწყება.
ერთ-ერთი რუსული ბანკის წარმომადგენლის თქმით, ჩინეთის ბანკმა შეაჩერა ფულადი გადარიცხვა საკორესპონდენტო ანგარიშების საშუალებით არამხოლოდ იუანში, არამედ, აშშ დოლარში, ევროსა და ჰონგ კონგურ დოლარებში. გამოცემის რესპონდენტის თქმით, შეზღუდვები მეორადი სანქციების რისკს უკავშირდება.
რუსეთის საბანკო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსებისთვის შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს არა ჩინეთმა, არამედ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების ფონზე.
რუსული მედიის ცნობით, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირსა და აშშ-ში ჩინურ ვალუტაში გადარიცხვების წილი მცირეა იუანში მთლიან გადარიცხვებთან შედარებით. ასეთი ოპერაციები შეიძლება, გამოიყენონ კერძო ინვესტორებმა ან ბიზნესის წარმომადგენლებმა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უპრეცედენტო სანქციების ზეწოლას განიცდის.
ევროკავშირმა კერძო ბანკების მიმართ შეზღუდვები ახსნა იმით, რომ ისინი უზრუნველყოფენ სახელმწიფოს „სოლიდურ შემოსავალს“ და ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.