მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 70 მლნ ლარი დაემატება.
„სოციალურ დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება, მიმდინარე წლის ივლისის თვიდან 200 ლარი გახდება. ჯამში 70 მლნ ლარი დაემატება წლევანდელ ბიუჯეტს და ამ ბავშვებს უკვე 200 -ლარიან დახმარებას მივცემთ. ჯამში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გადასახდელად, წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარამდე იქნება გამოყოფილი“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლის საფუძველზეც 2023 წლის 1 ივლისიდან გაიზრდება ბავშვის ბენეფიტის ოდენობა 150 ლარიდან 200 ლარამდე თითოეულ 16 წლამდე ასაკის ბავშვზე.
აღნიშნული ცვლილება შეეხება დაახლოებით 233 000 ბავშვს.