ლიეტუვა რუსეთისა და ბელორუსის გავლით საქონლის ტრანსპორტირების წესებს ამკაცრებს

ტვირთის გამგზავნები, რომლებიც ლიეტუვიდან ზოგიერთ საქონელს ტრანზიტულად ატარებენ რუსეთის ან ბელორუსის გავლით, მიმდინარე წლის 3 ივლისიდან ვალდებულნი იქნებიან, მწარმოებლის დეკლარაცია წარადგინონ. ამის შესახებ ქვეყნის საბაჟო სამსახური იუწყება.

საუბარია ორმაგი დანიშნულების საქონლის რამდენიმე ათეულ სახეობაზე, რომლის გამოყენება სამხედრო მიზნით ან რუსული მრეწველობის სიმძლავრეების გაზრდისთვის არის შესაძლებელი.

დეკლარაციაში მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ იცნობს საქონლის გამყიდველს და მესამე ქვეყანაში მის მყიდველს, რომ მესამე ქვეყანაში არ მოხდება ამ საქონლის გადაყიდვა. მწარმოებელმა ასევე უნდა დაადასტუროს, ინ არის საბოლოო მყიდველი.

ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ დროებით - ერთი წლით, ქვეყნის ტერიტორიის გავლით და ქვეყნის ტერიტორიიდან აიკრძალოს იმ ორმაგი დანიშნულების საქონლის გადაზიდვა, რომელიც, შესაძლოა, გამოიყენებოდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩამონათვალში 65 სასაქონლო კოდით არსებული საქონელია, მაგრამ ეს შეიძლება, შეიცვალოს.

ლიეტუვის ბანკის (ცენტრალური ბანკის) გაანგარიშებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან ქვეყნის ექსპორტის საერთო მოცულობა რუსეთის ფედერაციაში 4%-ით შემცირდა, თუმცა სამაგიეროდ, 4,2%-ით გაიზარდა ექსპორტი სხვა დსთ-ს ქვეყნებში. არსებობს ვარაუდი, რომ ამ რეექსპორტით რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შეტანის შენიღბვა ხდება.