შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების შესყიდვა მოხდება.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ავტობუსების ნაწილი 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა.
„18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვისთვის გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა. 15 ივნისს მათთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების. ავტობუსების შემოყვანა მოხდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე, 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა 50 ავტობუსი, ხოლო დარჩენილი რაოდენობა - 2024 წლის ბოლომდე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილი იქნება.
„შეიძლება დაისვას კითხვა, თუ სად უნდა იმოძრაოს 18-მეტრიანმა ავტობუსებმა. ამისთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ქუჩები ინფრასტრუქტურულად ადაპტირებული გავხადოთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ და რაც შეიძლება მეტ მგზავრს მოვემსახუროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების შესახებ, მერად პირველი ვადით არჩევიდან ერთი წლისთავზე, „გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას განაცხადა.