ევროკავშირს უკრაინასთან მიმართებით, გრძელვადიან პერსპექტივაში „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ აქვს - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირს „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ აქვს უკრაინასთან მიმართებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, 21 ივნისს, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, როდესაც ქვეყნის საინვესტიციო გეგმები გამოაქვეყნა.

„ეს ემსახურება უკრაინის დაოყოვნებელ საჭიროებებს. მაგრამ მოდით, მომავალზეც ვილაპარაკოთ. მე მჯერა, რომ ევროპის კავშირს საგანგებო პასუხისმგებლობა აკისრია", - განაცხადა ლაიენმა.

„უკრაინელები გვეუბნებიან, რომ, როცა თავიანთ მომავალს წარმოიდგენენ, ისინი ხედავენ მათი ქალაქების თავზე მოფრიალე ევროპის დროშას. და ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი  იქნება ", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.


22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით.

GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.