რძლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მამამთილს სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ძალადობის და მუქარისთვის, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის სექტემბერში, ბრალდებული ქუთაისში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს და მის მიმართ ძალადობა განახორციელა. ასევე ბრალდებულმა 2022 წლის 18 ოქტომბერს, დაზარალებულის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით დაზიანებები მიაყენა მას.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის „თ“, „კ“ ,,მ“ ქვეპუნქტებით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობა; ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და მუქარა) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.