საქართველოში ვიზიტამდე, სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კიევში იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო'სალივანს კიევში შეხვდა. ეს ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 16 ივნისს განთავსდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ერმაკმა მადლობა გადაუხადა დევიდ ო'სალივანს უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული სამუშაოსთვის.

„მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენთვის, უკრაინის დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სანქციები ძალიან ძლიერი იარაღია", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.


ერმაკმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა უფრო აქტიურად უნდა ჩართოს უკრაინული გუნდი სანქციების საკითხებში, რადგან უკრაინულ მხარეს აქვს ინფორმაცია რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირების შესახებ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ ომში ან მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას. მაგალითად, მან მოიხსენია რუსი პროპაგანდისტების ბოლოდროინდელი საჯარო მოწოდებები უკრაინული ტექნიკის განადგურების შესახებ და ასეთი ქმედებებისთვის „ჯილდოების“ გადაცემის დაპირებები.

„ჩვენ ველით, რომ ამ პროპაგანდისტებს სანქციები დაეკისრებათ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

მან ასევე გაუსვა ხაზი უკრაინული მხარის მზადყოფნას, შეუერთდეს სანქციებს მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის მხარდაჭერას. „ჩვენ მზად ვართ, კვირაში 7 დღე და 24 საათის განმავლობაში ვიმუშაოთ, შევაგროვოთ მტკიცებულებები და საჭირო დოკუმენტები, მოვახდინოთ მოქმედებების კოორდინაცია და ზეწოლა ამ ქვეყნებზე“, - განაცხადა უკრაინელმა ლიდერმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ასეთი სამუშაო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მესამე ქვეყნებიდან რუსეთში სამხედრო-სამრეწველო ტექნოლოგიებისა და კომპონენტების რეექსპორტის შეჩერების კონტექსტში, რაც მას ჯერ კიდევ აძლევს საშუალებას, აწარმოოს რაკეტები და განაგრძოს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტზე.

თავის მხრივ, დევიდ ო'სალივანმა ანდრი ერმაკს აცნობა მისი კომუნიკაციების შესახებ იმ ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც მან ცოტა ხნის წინ მოინახულა და რუსეთთან იარაღისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის ვაჭრობის შეზღუდვის ღონისძიებებზე მოლაპარაკების შედეგებიც გააცნო. მან ერმაკი დაარწმუნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.


„თანამოსაუბრეებთან განვიხილე, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ სანქციების გავლენა რუსეთის სამხედრო მანქანაზე, შემოსავალზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი გადაიხდის ძალიან მაღალ ფასს ამ არაპროვოცირებული და სასტიკი ომისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, სალივანმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

სალივანს მის როლზეც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც განმარტა, რომ ის არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ევროკავშირში სანქციების მიმართულებით მუშაობს.

„ჩემი განსაკუთრებული როლია, კომუნიკაცია მესამე ქვეყნებთან, სადაც ჩვენ ვხედავთ სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას და ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, რომლითაც შეგვიძლია ამის თავიდან აცილება“, - აღნიშნა სალივანმა.

არ მინდა ცალკეული ქვეყნების დასახელება, რადგან არ მიმაჩნია სამართლიანად. ეს არის პირადი საუბრები, რომელიც მე მაქვს ამ ქვეყნებთან, რომ ავუხსნა, რა ხდება. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ქვეყანაში, რომელიც მე მოვინახულე, ვიგრძენი დიდი მხარდაჭერა იმ იდეისადმი, რომ ისინი არ უნდა იყვნენ პლატფორმა სანქცირებული საქონლის რეექსპორტისთვის, რომელიც შესაძლოა, პოტენციურად, სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ. არავის სურს ამ ვაჭრობაში ჩაბმა.

რა თქმა უნდა, თითოეული ქვეყნის მდგომარეობა განსხვავებულია. ზოგიერთ მათგანს რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ნაწილი ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების წევრია. ზოგიერთ მათგანს რუსეთში მომუშავე მიგრანტების დიდი რაოდენობა ჰყავს და ისინი დამოკიდებულნი არიან ფულად გზავნილებზე“, - განაცხადა სალივანმა და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა, რაც სენსიტიურ მიდგომას საჭიროებს, მთავარი კი ისაა, რომ არავის სურს, სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა გახდეს.

სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში.  

ინფორმაციისთვის, სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა დაუდასტურა.