გერმანია მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ყაზახეთში ვიზიტით იმყოფებოდა. მან 20 ივნისს, ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი და ენერგიით მდიდარი ცენტრალური აზიის ქვეყანა მჭიდრო კავშირში არიან, რათა თავიდან აიცილონ დასავლეთის სანქციები, რომლებიც რუსეთისთვის დაწესდა.

„მოლაპარაკებების დროს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამ საკითხებზე მჭიდრო კონტაქტები არსებობს ყაზახეთის სააგენტოებსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის", - აღნიშნა შტაინმაიერმა.


შტაინმაიერი მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით, ევროპულ ბაზარზე  ექსპორტისთვის, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება.

შტაინმაიერმა ასევე მხარი დაუჭირა შეთანხმებას ყაზახეთიდან გერმანიაში ნავთობის დამატებითი მიწოდების შესახებ, რომელსაც მისი ვიზიტის დროს მოაწერეს ხელი გერმანელმა და ყაზახმა ოფიციალურმა პირებმა.


გარიგების თანახმად, გერმანიის ქალაქ შვედტის გადამამუშავებელი ქარხანა, მომავალი წლის ბოლომდე თვეში 100 000 ტონა ნედლ ნავთობს მიიღებს.

ყოკაევს არ უხსენებია სანქციების თავიდან აცილების საკითხი და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყაზახეთი „მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული სიტუაციის დიპლომატიური გზით მოგვარებაში“.

სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო'სალივანმა ყაზახეთს და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებს მოუწოდა, თავი აარიდონ მოსკოვის მცდელობებს, გვერდი აუაროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.


ყაზახეთი რუსეთის ერთ-ერთი აქტიური სავაჭრო პარტნიორი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია - ეს არის სავაჭრო ბლოკი, სადაც დომინირებს რუსეთი. გაერთიანებაში ასევე შედიან ბელორუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს ათასობით სუბიექტს და ფიზიკურ პირს, ხოლო აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა დააწესა ექსპორტის კონტროლი რუსეთსა და მის მოკავშირე ბელორუსში.