სალომე ზურაბიშვილი: არასდროს დამესიზმრებოდა, რომ პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“ - ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის

არასდროს დამესიზმრებოდა, რომ პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“, ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, რომელიც ნიკა გვარამიას შეწყალებას მიუძღვნა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაკეთებული განცხადებების ავტორების „გასაგონად“ განაცხადა, რომ ის „უთუოდ“ შეხვდება პატრიარქს მარხვის დასრულების შემდეგ, რაც არავის საქმე არ არის.

„მინდა კიდევ ერთ გარემოებაზე მივიპყრო თქვენი ყურადღება, რომ ის სრულიად მიუღებელი აჟიოტაჟი, ზოგიერთების გასაგონად, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერზე უნდა გააკეთონ კომენტარი, რომ ყველაფერი იციან, რომ არასდროს შეუძლიათ თქვან: "არ ვიცი", რაღაცაზე, რაც ეხებოდა პატრიარქთან ჩემს შეხვედრას. არასდროს არ დამესიზმრებოდა, რომ მე პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“, ან ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის. პატრიარქს მე უღრმეს პატივისცემას და დიდ სიყვარულს ვუძღვნი და მინდა დავუდასტურო, უთუოდ მივალ პატრიარქის სანახავად, როცა დასრულდება მარხვის პერიოდი და ეს არავისი საქმე არ არის და არანაირად დაკავშირებული ამ საკითხთან. მე კონსტიტუციაც კარგად ვიცი და კონკორდატიც”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.