დისკუსიისას მამუკა მურჯიკნელმა რეგიონში დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვეძლოს მეტი ტვირთის გადაზიდვა და მეტი ინვესტიციის განხორციელება ჩვენს ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაში, ძალიან მოხარულები ვართ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადების გამო“.
„საქართველოს პორტში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტი ტვირთის გატარების შესაძლებლობას მოგვცემს“. „მოხარულები ვართ, რომ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ, ბაქოს პორტთან. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი მუშაობა და განვითარება, რადგან პორტები და რკინიგზა ძალიან დიდ როლს თამაშობს ტვირთის ტრანსპორტირების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მამუკა მურჯიკნელმა.
დისკუსიას CPC-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი, დოქტორი როჯერ კანგასი უძღვებოდა. განხილვაში მონაწილეობდნენ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტის გენერალური დირექტორი, ტალეჰ ზიადოვი ასევე, ლონდონში დაფუძნებული პოლიტიკური რისკების ანალიზის ფირმის, PRISM-ის ხელმძღვანელი, ბენ გოდვინი.
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ ენერგეტიკული კუთხით გარდამავალი ცვლილება ხდება. ეს უბრალოდ ბადებს კითხვას, იქნებიან თუ არა დასავლური კერძო კომპანიები რეგიონში მთავარი მოთამაშეები, როდესაც საქმე ეხება ნავთობსა და გაზს,” - განაცხადა თავის მხრივ, ბენ გოდვინმა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვის, CPC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეფგან ნიფტიმ გახსნა და კასპიის ზღვის რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია რა კასპიის ზღვის ქვეყნების დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის გაძლიერება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება მსოფლიო ბაზრებზე კასპიის ნავთობისა და გაზის თავისუფალი მიწოდების გზით და კომპანიებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების გაზრდა დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, კასპიის რეგიონს დიდი ბრიტანეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. დიდი ბრიტანეთის ინტერესები რეგიონში არაერთხელ გამოიკვეთა.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტში, მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ჯოშუა ვოლცმა ისაუბრა აშშ-ის პერსპექტივაზე კასპიის რეგიონში ჩართულობის შესახებ, განსაკუთრებით, მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კი, უფრო დიდი რეგიონული კავშირის ხელშეწყობის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის როლის შესახებ გაამახვილა ყურადღება.
აღნინიშნა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება სატრანსპორტო კავშრები ცენტრალური აზიიდან კასპიის ზღვის გავლით და შემდგომში, კავკასიის გავლით.
„აზერბაიჯანის გავლით არსებული დერეფნები და მარშრუტები კონკურენტულ უპირატესობას სთავაზობს ტრანსპორტის ოპერატორებსა და ბიზნესს. აზერბაიჯანმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციასა და მოდერნიზაციაში დიდი ინვესტიცია განახორციელა და ხელი შეუწყო რამდენიმე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ლოგისტიკის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ბაირამოვმა.
ინფორმაციისთვის, ამავე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ დიდ ბრიტანეთში თურქეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის ელჩები. ასევე, ელჩი დევიდ მორანი, გაერთიანებული სამეფოს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კლიმატის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა საკითხებში. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ წარმომადგენლები: USAID-იდან, სოკარიდან, BP-დან და სხვა.
კასპიის პოლიტიკის ცენტრი (CPC) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული კვლევითი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ვაშინგტონშია დაფუძნებული. კასპიის რეგიონის ეკონომიკური, პოლიტიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების საკითხები ცენტრის კვლევის ცენტრალურ ფოკუსს წარმოადგენს.