ყაზახეთის პრემიერი: მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობათა გამოყენება

საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატიურად ვითარდება, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და შეხვედრაზე მის შემდგომ გაზრდაზე შეთანხმდნენ.

„საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატიურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები - მჭიდრო.

გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს.

დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი, პერსპექტიული პროექტები. უპირველეს ყოვლისა მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები.

გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს.

ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალდაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს. აქედან 100 მილიონზე მეტის ინვესტირება გასულ წელს განხორციელდა. ყაზახი მეწარმეების კაპიტალდაბანდება საქართველოს ეკონომიკაში 530 მილიონ დოლარს აღემატება“, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.


სმაილოვის თქმით, ყაზახეთი მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რათა კასპიის და შავი ზღვის აუზების ათვისება მოხდეს მარშრუტების სახით.

მისი თქმით, საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტის კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფანს. გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა ორჯერ გაიზარდა, საკონტეინერო გადაზიდვები - 30%-ით. დადებითი დინამიკა ნარჩუნდება.

„გვსურს, საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნით წარმატებით ვახორციელებთ გზამკვლევს - 2022 - 2027 წლებში დერეფნის განსავითრებლად და დაბრკოლებების მოსახსნელად.

მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რათა კასპიის და შავი ზღვის აუზების ათვისება მოხდეს მარშრუტების სახით. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობათა გამოყენება სატვირთო გადაზიდვების მიზნით.

 „მოლაპარაკებების დროს ასევე განვიხილეთ მრავალი სხვა საკითხი, მათ შორის სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ტურიზმი. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს დაიწყო პირდაპირი ფრენების განხორციელება ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებს შორის. ქართულ ავიაკომპანიებს მოვუწოდებთ ყაზახეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებისკენ. დარწმუნებული ვართ, რომ ამას კარგი გავლენა ექნება ბიზნეს კავშირებზე და ხალხთა შორის ურთიერთობებზე, ისევე როგორც ტურიზმის სექტორზე.

მოლაპარაკებების საფუძველზე რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. საერთო ჯამში, გვწამს რომ ამ სფეროებში ურთიერთობების განვითარება ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ხოლო დადებული შეთანხმებები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას. ყაზახეთის მთავრობა მზაობას აცხადებს ამ მნიშვნელოვანი პროექტების ერთობლივი განხორციელებისთვის“, - განაცხადა ყაზახეთის პრემიერმა.