პრემიერი ყაზახ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე: საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ანაკლიის პორტი და სამუშაო დაიწყება წელს

თბილისში ვიზიტით მყოფმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე, შუა დერეფნის საკითხიც განიხილა. ალიხან ისმაილოვთან მოლაპარაკებების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემაზე ისაუბრა.

„მე აქვე მინდა შევეხო შუა დერეფნის საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშრუტის მეშვეობით შუა დერეფანი“. 

ღარიბაშვილმა ქვეყნებს შორის არსებულ საგზაო რუკაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობა ახსენა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5 წლიანი გეგმა დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის.

ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში დაახლოებით, მთავრობა იქნება მეპატრონე, 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.


პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 188 მლნ დოლარი შეადგინა.

როგორც მან ყაზახ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ეს მონაცემი 283%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„მინდა მივესალმო ჩემს კოლეგასა და მეგობარს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს. ეს არის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მინდა ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით დავუდასტურო ჩვენი მადლიერება და პატივისცემა. ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობითა და ურთიერთობით.

ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვები, მიმოვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომელიც უკავშირდება ყაზახეთსა და საქართველოს. აღვნიშნეთ, რომ გვახარებს ის ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა ბოლო პერიოდში, ვგულისხმობ ექსპორტის, ზოგადად, სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ასევე, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ყაზახეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, მოხარულები ვართ, მეტი ყაზახი ტურისტი და ინვესტორი ვიხილოთ საქართველოში. ყაზახეთს განხორციელებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას“.


ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა ყაზახეთის ენერგორესურსების ტრანსპორტირების გაზრდის პერსპექტივებს, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გამოყენებით.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს მიმზიდველი ყაზახური მხარისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს მეგობრებთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, გასულ წელს ყაზახეთთან ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა.

„დაფიქსირდა 136%-იანი ზრდა, რაც სასიხარულოა. ეს ტენდენცია შენარჩუნებულია წელსაც. წელს იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 188 მლნ დოლარი. რაც 283%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას კულტურის, მეცნიერების, განათლების და სპორტის სფეროებში. ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან რეფორმების სფეროში, ურთიერთგამოცდილების გაცვლის კუთხით. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი. ამ პოტენციალის სრულად ათვისებაზე სრული მზაობა არის ორივე მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ვიზიტისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.