გაერომ რუსეთი, უკრაინაში ბავშვების მკვლელობის გამო, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა

Reuters-ის ინფორმაციით, გაერომ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა. 

Reuters-ის თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა „დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს.

ანგარიშის ავტორია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში ვირჯინია გამბა. ის გასულ თვეში უკრაინასა და რუსეთს ეწვია.

ვირჯინია გამბა რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველს, მარია ლვოვა-ბელოვას შეხვდა, რომლის მიმართაც ჰააგის სასამართლომ, უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, დაპატიმრების ორდერი გასცა.

უკრაინის მთავრობის პორტალის, Children of War-ის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, 2023 წლის ივნისის მონაცემებით 490 ბავშვი დაიღუპა და 1028 დაშავდა.