„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სამ ტენდენციას ასახელებს, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, მედიის წინააღმდეგ სასამართლო საქმეთა განხილვებში გამოიკვეთა.
მათი ინფორმაციით, გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები: განხილვის ვადები გაუმართლებლად ხანგრძლივია; საქმეთა განხილვა სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით ხდება; შრომითი დავების დროს სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიის წარმომადგენლებს აკისრებს.
„ბოლო პერიოდში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში მედია გარემოს მნიშვნელოვანი გაუარესების შესახებ საუბრობენ. ამასთან, განსაკუთრებით რთულია პროფესიული საქმიანობის განხორციელება კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის. ბოლო წლებში არაერთი გამოწვევა თუ ტენდენცია ვიხილეთ, რომლის მიზანიც კრიტიკული მედიის საქმიანობის შეზღუდვა და მათი დისკრედიტაციაა.
მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ განსაკუთრებით გახშირდა, ცილისწამების სარჩელები, რაც ხელისუფლებისთვის დამატებითი ბერკეტია არასასურველი მედიის შესაზღუდად. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, შრომითსამართლებრივ თუ სხვა უფლებებთან დაკავშირებით 200-მდე ჟურნალისტისა და მედიის სხვადასხვა წარმომადგენლის უფლებებს იცავს სასამართლოში. მიმდინარე საქმეების განხილვის პროცესში მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოიკვეთა, რაც ერთი მხრივ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონითა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილ მაღალ სტანდარტს. განხილვის ვადები გაუმართლებლად ხანგრძლივია - სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებით თვალშისაცემია სასამართლოს მხრიდან არათანაბარი მიდგომა საქმეთა განხილვის ვადებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქმეთა განხილვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევა ჩვენ მიერ წარმოებულ თითქმის ყველა სხვა საქმეში გამოიკვეთა, თუმცა სასამართლოსთვის პრიორიტეტულია და შემჭიდროებულ ვადებში განიხილება მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების სარჩელები. მაგალითად, 2022 წლის 18 აპრილს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, 24 ჟურნალისტის სარჩელით მიმართა სასამართლოს.
ამ დრომდე მოცემულ საქმეზე ერთი სხდომაც კი არ დანიშნულა. ეს იმ ფონზე, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედის ცილისწამების სარჩელი „TV პირველის“ წინააღმდეგ 6 თვეში დასრულდა. სასამართლომ განსაკუთრებით შემჭიდროებულად, 3 თვის ვადაში განიხილა, თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელი „TV პირველის“ წამყვანის წინააღმდეგ. ორივე საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მედიის წინააღმდეგ მიიღო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წლებია უკანონოდ განთავისუფლებულ პირთა უფლებებს იცავს სასამართლოში. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ მედიის წარმომადგენლების უფლებების დასაცავად წარმოებულ დავებზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვა არა თუ 6 თვემდე ვადაში სრულდება, არამედ რიგ შემთხვევებში, ამ დროის მონაკვეთში საქმეზე ერთი პროცესიც კი არ ინიშნება. ამგვარი განსაკუთრებული მიდგომა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, შერჩევითი სამართლის ნიშნებს განასახიერებს.
საქმეთა განხილვა სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით ხდება - სასამართლო მედიებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით მიმდინარე საქმეების განხილვის პროცესში არ ხელმძღვანელობს კანონითა და უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკით დადგენილი კრიტერიუმებით.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიას აკისრებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების საქმეების განხილვისას. სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთის მაღალი სტანდარტის რადიკალურად განსხვავებული განმარტება და მტკიცების ტვირთის მედიის წარმომადგენელზე დაკისრების მაგალითია, „TV პირველის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, მოსამართლემ გადაწყვეტილებაში კანონით გათვალისწინებული სტანდარტი, რომლის თანახმადაც ყოველგვარი ეჭვი, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს, დაუსაბუთებელი განმარტების საფუძველზე შეცვალა და მტკიცების ტვირთი მედიის წარმომადგენელს დააკისრა. შედეგად, სარჩელი დაკმაყოფილდა და „TV პირველს” მორალური ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა.
შრომითი დავების დროს სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიის წარმომადგენლებს აკისრებს - მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილების ტენდენცია გვხვდება შრომითსამართლებრივი შინაარსის დავებშიც. აღსანიშნავია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და დაასაბუთოს გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. ამის საპირისპიროდ, ერთ-ერთი ჟურნალისტის, გიორგი ლომინაძის საქმეში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება მოსარჩელე მხარეს დააკისრა, ამ გარემოებაზე დაყრდნობით კი ჟურნალისტის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
მსგავსი ტენდენცია განმეორდა გიორგი სუხიტაშვილის საქმეშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა რეორგანიზაციის ჩატარების კანონიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს დააკისრეს, რაც არსებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ამ დროისათვის ორივე საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს. ვიმედოვნებთ, რომ საკასაციო სასამართლო გააუქმებს მიღებულ გადაწყვეტილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდება შრომითი უფლებების დაცვის არსებული სტანდარტი. ხელისუფლება სასამართლოს კრიტიკული მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტის სახით იყენებს. ამასთან, სასამართლოს მიერ მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვნად აუარესებს ქვეყანაში როგორც გამოხატვის თავისუფლების, ისე შრომითი უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზენაესმა სასამართლომ ობიექტურად შეაფასოს ქვედა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შეინარჩუნოს მის მიერვე დადგენილი მაღალი სტანდარტი და პრაქტიკა“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.