Abrams-ის ტიპის ტანკები ბრძოლის ველზე შესაძლოა, მიმდინარე კონტრშეტევის დროს გამოჩნდნენ - კულება

ამერიკული Abrams-ის ტიპის ტანკები ბრძოლის ველზე შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმდინარე კონტრშეტევის დროს გამოჩნდნენ. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, იმდენი კონტრშეტევა განხორციელდება, რამდენიც საჭირო იქნება უკრაინის ყველა ტერიტორიის გასათავისუფლებლად.

კულებამ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა უკვე იღებს გარკვეულ აღჭურვილობას, კერძოდ, „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს, მაგრამ ეს არის მიმდინარე პროცესი.

„არსებობს იმედი, რომ „აბრამსის“ ტიპის ტანკები მიიღებენ მონაწილეობას ამ კონტრშეტევაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ არამხოლოდ მიმდინარე კონტრშეტევის პერსპექტივიდან. ეს არის ის, რასაც მე მუდმივად ხაზს ვუსვამ პარტნიორებთან ურთიერთობისას. თქვენ არ უნდა ჩათვალოთ ეს კონტრშეტევა ბოლოდ და გადამწყვეტად“, - განუცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ Suspilne-ს.