ნეთანიაჰუმ განმარტა, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ განმარტავს, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე. ისრაელის მედიასთან - „იერუსალემ პოსტთან“ ინტერვიუში  ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე, მაგალითად, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი და დასავლეთის ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. ნეთანიაჰუმ ისრაელის ხელმძღვანელობის მიდგომას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი, დაბალანსებული და სწორი უწოდა. 

ისრაელის პრემიერის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობის მეთაურთა უმრავლესობა მასთან საუბარში მის არგუმენტებს იზიარებდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო, „გლოვობს ადამიანების დაღუპვას“ და სურს, რომ ომი რაც შეიძლება, მალე დასრულდეს. ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი უკრაინას სამოქალაქო თავდაცვის უზრუნველყოფაში ეხმარება.

ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს რუსეთთან მჭიდრო სამხედრო საზღვარი აქვს და ისრაელის საჰაერო ძალები სირიის თავზე რუს მფრინავებთან ახლოს დაფრინავენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მნიშვნელოვანი უწოდა ისრაელის მიერ თავისუფლად მოქმედების შენარჩუნებას ირანის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, მოიპოვოს სამხედრო შესაძლებლობები ისრაელის ჩრდილოეთში.


 

  • „ჩვენ ვშიშობთ, რომ ნებისმიერი სისტემა, რომელსაც ჩვენ გადავცემთ უკრაინას, შესაძლოა მოხვდეს ირანის ხელში და გამოყენებული იყოს ჩვენ წინააღმდეგ... ასე მოხდა, ფაქტობრივად, დასავლეთის ტანკსაწინააღმდეგო იარაღთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ საზღვრებთან ვპოულობთ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი სამხედრო იარაღის მიწოდება უარყოფითად იმოქმედებს რუსეთთან ურთიერთობებზე და რომ მოსკოვი შეზღუდავს ისრაელის მოქმედების თავისუფლებას სირიაში ირანის პოზიციებზე თავდასხმისთვის.