პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია

რუსეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ "შეიარაღებული აჯანყების" გამო დონის როსტოვში ვითარება კვლავ რთულია.

„სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გადამწყვეტი ქმედებები იქნება დონის როსტოვში. სიტუაცია რჩება რთული. სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა, ფაქტობრივად, დაბლოკილია", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.


გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა.

საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი.

ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა.

პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.