ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს, მათ შორის აეროდრომი. ამის შესახებ პრიგოჟინიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ შტაბში ვიმყოფებით. დილის 07:30 საათია. ჩვენი კონტროლის ქვეშაა როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი. თვითმფრინავები, რომლებიც საბრძოლოდ მიემართებიან, განრიგის მიხედვით მუშაობენ. სამედიცინო თვითმფრინავები დაფრინავენ. პრობლემები არ არის. ჩვენ კონტროლი დავამყარეთ, რომ საბრძოლო ავიაციამ დარტყმები განახორციელოს არა ჩვენზე, არამედ უკრაინელებზე. მართვის მთავარი შტაბი საშტატო რეჟიმში მუშაობს. არანაირი პრობლემა არ არის, არცერთი ოფიცერი არ არის მოცდენილი“, - განაცხადა პრიგოჟინმა.


გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა.

საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი.

ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა.

პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.