სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ცდება, ჩვენ პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით - პრეზიდენტის მოთხოვნით, არავინ დანებდება, - ამის შესახებ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.
"სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ცდება. ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით.
პრეზიდენტის, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მოთხოვნით, არავინ დანებდება. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ისევ კორუფციაში, მოტყუებაში და ბიუროკრატიაში იცხოვროს... როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ, უკრაინასთან ვიბრძვით, ჩვენ მივდიოდით და ვიბრძოდით, მაგრამ გაირკვა, რომ საბრძოლო მასალა, შეიარაღება და ყველა ფული, რომელიც ამაზეა განკუთვნილი, ჩინოსნების ჯიბეებში ილექება", - განაცხადა პრიგოჟინმა.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა.
საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი.
ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა.
„პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.