დროა დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
- გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე
- ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი
„მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - წერს დმიტრო კულება „ტვიტერში.“
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა.
საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი.
ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა.
„პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.