„მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტს შორის შეთანხმება შედგა. სახელმწიფოს ჩართულობით, მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა.
„ხელფასის მატებას რაც შეეხება, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან, პირველ ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო პირველი ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდება.
შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელშიც ყველა მხარის წარმომადგენელი შევა. სწორედ ეს ორგანო იმუშავებს დასაქმებულთა შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე. ასევე ამავე კომისიამ სამი თვის განმავლობაში უნდა დადოს კომპანიის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.
მხარეებს შორის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა, სადაც გაფორმდა შეთანხმების შესახებ ოფიციალური სამედიაციო დოკუმენტი. მას ხელი მოაწერეს დამსაქმებელმა, დასაქმებულმა და მედიატორმა. დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების პირობების აღსრულებას, მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.