მოსკოვი დასავლეთის ქვეყნებს აფრთხილებს, „არ შეეცადონ რუსეთში არსებული ვითარების გამოყენებას“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთის ქვეყნებს აფრთხილებს, არ შეეცადონ რუსული არსებული ვითარება ვითარების გამოყენებას, „თავიანთი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად“.

მოსკოვის მტკიცებით, ასეთი მცდელობები უშედეგო იქნება და ვერავითარ რეზონანსს ვერ გამოიწვევს ვერც რუსეთში და ვერც საზღვარგარეთ, გონიერ პოლიტიკურ ძალებს შორის.

„ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს თავის სუვერენულ კურსს, რათა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, დაიცვას თავისი ღირებულებები, გააძლიეროს თავისი ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე და დაამყაროს სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი.

ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ამ პრინციპული პოზიციის გააზრებას ჩვენი მოკავშირეებისა და უცხოელი პარტნიორების მიერ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.