ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო „მთავრობა“ „საზღვარს“ სამი დღით კეტავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლება „საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო“, „საზღვარს“ სამი დღით კეტავს.

„საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარზე პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, რესპუბლიკის უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა, რომ სასაზღვრო პუნქტები დახუროს“. 


კერძოდ, დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, 24 ივნისს 20:00 საათიდან 27 ივნისის 09:00 საათამდე, რაზდახანისა და პერევის „სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტები“ დაიხურება.

მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის შემდეგ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ჯარები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.