DW: კოპენჰაგენმა უკრაინის შესახებ გასაიდუმლოებულ კონფერენციას უმასპინძლა

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, 24 ივნისს, უკრაინის ომისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, რომ მისი ჩატარება მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციას ესწრებოდნენ დასავლეთის არაერთი ქვეყნის, მათ შორის გერმანიისა და ე.წ გლობალური სამხრეთის სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც ომში ნეიტრალურ პოზიციას იკავებდნენ.

კერძოდ, კოპენჰაგენში ჩავიდნენ დიპლომატები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან.

მედიის ცნობით, ასეთი კონფერენციის ჩატარების ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის.

იმყოფებოდნენ თუ არა მასზე ამ ქვეყნის წარმომადგენლები, უცნობია. 

კონფერენციის მონაწილეებს მის შედეგებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.


დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან უფრო აქტიური თანამშრომლობა აუცილებელია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება, მაღალი შეფასება მისცა აფრიკის რიგი ქვეყნების მშვიდობიანი შუამავლობის მცდელობას, რომელთა წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ ეწვივნენ კიევსა და მოსკოვს.

სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია რუსეთთან ერთად, ე.წ. BRICS - ორგანიზაციაში არიან, რომელიც აერთიანებს არადასავლური სამყაროს უდიდეს ქვეყნებს.