უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის, სიკვდილის შემდგომ მესამე ხარისხის „მამაცობის ორდენით“ დააჯილდოვა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი - მიხეილ ყაფლანიშვილი (კაპლანი).
ჯილდოსა და უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერილი სიგელის ამსახველ ფოტოებს Facebook გვერდებზე უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები აქვეყნებენ. წერენ, რომ ორდენს კაპლანის დედას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადასცემს.
მიხეილ ყაფლანიშვილის (კაპლანი) დაღუპვის ამბავი, 21 ოქტომბერს, მისმა მეგობრებმა სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელეს. რუსეთის არმიასთან ბრძოლას ყაფლანიშვილი ლუგანსკის ოლქში შეეწირა.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი 29 ოქტომბერს, თბილისში, ვარკეთილის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.