გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო.

გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება.  ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა.

პისტორიუსი ლიეტუვაში იმყოფება, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დააკვირდეს. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის -  „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და  300 ტანკი გაგზავნა.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს.

ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას.


თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს.

ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.