„პრიგოჟინის ამბოხთან“ დაკავშირებულ 5-წუთიან მიმართვაში, პუტინმა „ვაგნერს“ მადლობა გადაუხადა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, „ვაგნერელების "აბსოლუტური უმრავლესობა" რუსეთის პატრიოტები არიან და უკან დაბრუნებით მათ თავიდან აიცილეს შემდგომი სისხლისღვრა. პუტინმა მადლობა გადაუხადა ლუკაშენკოს „გაწეული ძალისხმევისთვის სიტუაციის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის“, მაგრამ პუტინის აზრით, „საზოგადოების ერთიანობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი“.

„სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მოწყობის მცდელობა მარცხით დასრულდება“. „ამბოხება მაინც ჩახშობილი იქნებოდა და ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ მათი ქმედებები კრიმინალური იყო“.

პუტინმა მადლობა გადაუხადა „ვაგნერის“ ჯგუფს, რომელსაც დასავლეთი ომის დანაშაულში სდებს ბრალს.

„ამბოხის ორგანიზატორები სახელმწიფოს და მათთან მყოფებს უღალატეს. შეიარაღებულ ამბოხი ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა. სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვეტილებები ჩემი პირდაპირი დავალებით იყო მიღებული ", - ამბობს პუტინი.

„ვაგნერის“ მებრძოლებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტზე ხელისმოწერა, სახლში დაბრუნება ან ბელორუსში გადასვლა შესთავაზა.

„მადლობას ვუხდი „ვაგნერის“ ჯგუფის იმ ჯარისკაცებს და მეთაურებს, რომლებმაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს - არ წავიდნენ ძმათამკვლელ სისხლისღვრაზე და ბოლო ხაზთან შეჩერდნენ - შეგიძლიათ, გააფორმოთ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან, დბრუნდეთ სახლში, ან გადახვიდეთ ბელორუსში“.

პუტინი ამტკიცებს, რომ „რუსეთის მტრებს სურდათ, რომ რუსეთი სისხლიან დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, მაგრამ ვერ გათვალეს“.

„ისინი ოცნებობდნენ ფრონტზე და ე. წ. კონტრშეტევის მსვლელობის წარუმატებლობის რევანშზე, მაგრამ ვერ გათვალეს" , - განაცხადა პუტინმა.

BBC-ის თანახმად, წინასწარ ჩაწერილი 5-წუთიანი გამოსვლა ძირითადად იმეორებდა იმას, რასაც შაბათ-კვირას აცხადებდა. მან დასავლეთი დაადანაშაულა და შეაქო რუსეთი მისი „ერთიანობისთვის“. ამავე გამოსვლაში პუტინმა პილოტების დაღუპვა აღიარა და განაცხადა, რომ მათმა „თავდადებამ ქვეყანა საზარელი შედეგებისგან იხსნა“.


დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში.

ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა.


ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. 

ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.

უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ.

2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.

„დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.