შსს აცხადებს, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირები დააკავა. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების თანახმად, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.
1972 წელს დაბადებული ა.შ. დაკავებულია „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, 1995 წელს დაბადებული ა.ხ. „ქურდული სამყაროს წევრის მიმართვისთვის“, ხოლო 2004 წელს დაბადებული გ.შ.-ს მეტსახელად „ჩუქჩა“-ს „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში“ ედება ბრალი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ა.ხ.-ს და მის თანამშრომელს შორის ფინანსური დავა წარმოიშვა. წარმოქმნილი უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, ა.ხ.-მ დახმარებისთვის მიმართა "ქურდული სამყაროს წევრ" ა.შ.-ს და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს წევრის" ა.შ.-ს დავალებით მოწყობილ "ქურდულ გარჩევაში" ბრალდებული ა.ხ., გ.შ. და მოდავე მხარე მონაწილეობდნენ. "ქურდული წესით გარჩევისას", კრიმინალურმა ავტორიტეტმა ა.შ-მ, მოდავე მხარეს, სადაო თანხის სრულად ამოწურვამდე, მისთვის ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა გ.შ.-მ, რომელიც შემდგომ სისტემატურად ახორციელებდა მუქარას მოდავე მხარეზე.
ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ “ქურდული სამყაროს წევრობისთვის”, „ქურდული სამყაროს მიმართვისთვის“ და „ქურდული სამყაროს მხარდაჭერისთვის ბრალდებული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში. პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე, მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე, მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.