დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინელებმა 2014 წელს დაკარგული ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნეს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის თანახმად, უკრაინის არმიამ დაიბრუნა დონეცკის ოლქში ჯერ კიდევ 2014 წელს დაკარგული ტერიტორიის ნაწილი.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინელმა სამხედროებმა დაიბრუნეს 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი.

საუბარია დონეცკთან მდებარე სოფლის, კრასნოგოროვკის აღმოსავლეთ ნაწილზე, სადაც უკრაინის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედროებს მცირე წინსვლა აქვთ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, დონბასში უკრაინის თავდაცვის ძალების ბოლოდროინდელმა მრავალრიცხოვანმა შეტევებმა დიდი დაძაბულობა შექმნა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებსა და ჩეჩენთა დაჯგუფებებში, რომლებიც ამ რაიონში მოქმედებენ.

უკრაინულმა მხარემ 24 ივნისს გაავრცელა ცნობა, რომ მისმა ძალებმა დაიკავეს რამდენიმე პოზიცია, რომლებსაც რუსი ოკუპანტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ.