პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებული ცვლილებებისთვის ვეტოს დადებით გაიზიარა მმართველი გუნდის წუხილი.
რაც შეეხება ზეპარტიულობის საკითხს, შალვა პაპუაშვილის თქმით, არასწორია მიდგომა, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობით და ის პარტიულ ხაზს ატარებს. პაპუაშვილის თქმით, თითქოს ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ეს არ აძლევს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობას, რომ წარუდგინოს პარლამენტს კვალიფიციური, მიუკერძოებელი კანდიდატი.
„ამ ვეტოთ ერთი რამ არის ფაქტი - პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი წუხილი. ერთადერთი რაც მან თქვა, ნაცვლად 100-ისა ხომ არ იყოს, 90, თორემ ის, რომ ზოგადად, 100 ბევრია, რომ ამან ჩიხში შეიყვანა მდგომარეობა, ამ რიტორიკიდან ჩანს, რომ პრეზიდენტი ჩვენს შეშფოთებას და წუხილს იზიარებს, ეს ერთი. მეორე, ამ წუხილიდან გამომდინარე, თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ 2/3 ანუ, 100 ხმა არის ზედმეტად დიდი, ეს არის იმის რეცეპტი, რომ ჩიხში შევიდეს სიტუაცია, საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის მოძიება. ეს გამოსავალი იყო სწორედ ის, რომელიც ჩვენ ამ კანონში ცვლილების შედეგად შევთავაზეთ საზოგადოებას, უბრალო უმრავლესობით იყოს მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის გამოსავალი. 100 იქნება თუ 90, ჩემი აზრით, ეს დიდი სხვაობას არ გვაძლევს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.