ორბანი: უნგრეთის დაზვერვის თანახმად, „ვაგნერის ამბოხება“ უმნიშვნელო მოვლენაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „ვაგნერის ამბოხება“ უმნიშვნელო მოვლენაა.

უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ორბანის თქმით, უნგრეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა რუსეთში და მათი თქმით, „ეს არ არის მნიშვნელოვანი“. უნგრეთის პრეზიდენტი დასავლეთისგან განსხვავებით არ მიიჩნევს, რომ რუსეთში მომხდარმა პუტინი დაასუსტა.


ორბანის თქმით, პრიგოჟინის კამპანია მოსკოვის წინააღმდეგ გავლენას არ მოახდენს უკრაინის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე.

„ვფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა და ომი გრძელდება. ეს არ არის მოვლენა, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობისკენ, რადგან ამ ომს ყოველთვის მშვიდობის კუთხით ვუყურებ, რადგან მიმაჩნია, რომ მთავარია მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და როგორმე შევთანხმდეთ მშვიდობაზე. ეს მოვლენა ამაში არანაირ როლს არ თამაშობს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ასევე ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა რუსეთის ლიდერს სამხედრო დამნაშავედ, რასაც შემდეგი პასუსი გაცა: „არა, მე არ მივიჩნევ“.

ორბანის განცხადებით, ის იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის.

„მე ვიბრძვი უნგრეთისთვის. მე არ მაინტერესებს პუტინი. მე არ მაინტერესებს რუსეთი. მე ვზრუნავ უნგრეთზე. ასე რომ, რასაც მე ვაკეთებ, არის უნგრელებისთვის კარგი პოზიციები და ქმედებები. და, რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ახლა ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, ცუდია უნგრელებისთვის. ეს საშიშია უნგრელებისთვის. ჩვენ დავკარგეთ ხალხი, იქ უნგრელი უმცირესობები ცხოვრობენ. ომის საშიშროება ჩვენს სამეზობლოშია. ეს თქვენს სიტუაციას არ ჰგავს. თქვენ გერმანელები ხართ, თქვენ გაქვთ პოლონეთი და უნგრეთი რუსეთსა და უკრაინის ომს შორის“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.


დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში.

ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა.


ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. 

ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.

უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ.

2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.

„დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.