ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინი ბელორუსში იმყოფება

ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ „შეწყვეტილი ამბოხის“ ავტორი, ევგენი პრიგოჟინი ბელორუსში იმყოფება. ამის შესახებ BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება. 

„უსაფრთხოების გარანტიები, როგორც იგი [პუტინი] გუშინ დაჰპირდა, გაცემულია. კი, ნამდვილად, დღეს ის ბელორუსშია. როგორი პირობაც დავდე: თუ გსურთ, რაღაც დრო, შეგიძლიათ, ჩვენთან იყოთ და სხვა... ჩვენ დაგეხმარებით“, ცხადია, მათი [„ვაგნერის“] ხარჯებით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თანახმად, ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ ბელარუსის არმიაში ასეთი ქვედანაყოფი გამოადგებოდა.

ბელორუსის ლიდერის თქმით, ის თანახმაა და ხრენინს მოუწოდა, ვაგნერელებს მოელაპარაკოს.


დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში.

ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა.


ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. 

ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.

უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ.

2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.

„დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.