ლატვიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2023 წლის პირველი ივლისიდან, რუსეთი დაბალი ან ნულოვანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებისა და ტერიტორიების სიაში შეიყვანოს.
ლატვიის ფინანსთა სამინისტრომ მოუწოდა გადასახადის გადამხდელებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე მდებარე, დაფუძნებულ ან რეგისტრირებულ პირებთან ტრანზაქციებს.
რუსეთის გარდა, ოფშორული იურისდიქციების სიაში ასევე შედიან ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, კოსტა რიკა და მარშალის კუნძულების რესპუბლიკა. ეს ქვეყნები დაემატა ოფშორული იურისდიქციების სიას, რადგან ისინი დაბეგვრის საკითხებზე ევროკავშირთან არ თანამშრომლობენ.
ლატვიის ფინანსთა სამინისტრომ განმარტა, რომ ახალი დებულებები პირდაპირ თანხვედრაშია ევროკავშირის სიასთან და მის რეგულარულ განახლებასთან, რაც მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს შემდგომი რეგულარული ტექნიკური ცვლილებები და მოახდინოს ყველაზე ეფექტიანი და დროული რეაგირება.