„პრიგოჟინის ამბოხთან“ დაკავშირებულ 5-წუთიან მიმართვაში, „ვაგნერისთვის“ მადლობის გადახდიდან ერთი დღის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა და 2022 წლის მაისიდან მიმდინარე წლის მაისამდე, სახელმწიფომ 86 მილიარდი რუბლი გადაიხადა კერძო სამხედრო დაჯგუფების ხარჯებისთვის.
„მინდა, ყველამ იცოდეს ამის შესახებ. „ვაგნერის“ შენახვა სრულად იყო უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ, თავდაცვის სამინისტროსგან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჩვენ სრულად ვაფინანსებდით ამ ჯგუფს“, – განაცხადა პუტინმა სამხედროებთან შეხვედრისას.
მისივე თანახმად, ვაგნერის“ მფლობელმა კომპანია „კონკორდმა“ ერთ წელიწადში 80 მილიონი რუბლი გამოიმუშავა.
დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და პრიგოჟინის ამბოხს უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში.
ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა.
ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.
ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.
უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ.
2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.
„დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.