საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ადამიანის უფლებათა სახლმა 23 ივნისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 53-ე სესიაზე მოხსენება წარადგინა, რითაც გამოხატვის თავისუფლების მხრივ არსებულ პრობლემებზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სერბეთისა და ხორვატიის მაგალითებზე ისაუბრა.
საქართველოს შემთხვევაში ორგანიზაცია კულტურის ფეროში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებზე მიუთითებს და სოლიდარობას უცხადებს რეჟისორ სალომე ჯაშს და მის კოლეგებს.
უფლებადამცველი ორგანიზაცია სალომე ჯაშის ფილმზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა, ცენზურის დაწესების მცდელობა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მხრივ საფრთხეც იყოს.
„საქართველოში ჩვენ გვაქვს შეშფოთება გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. კერძოდ, გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას კინორეჟისორ სალომე ჯაშისა და მის კოლეგებისადმი, რომელთა ბოლო ფილმს თავს დაესხნენ მთავრობის წარმომადგენლები კინოცენზურის ტენდენციებისა და მხატვრული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა სახლი აკრიტიკებს ახალ კანონს, რომელიც მედია თავისუფლებას კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის. სერბიასა და ხორვატიაში კი პრობლემად მიიჩნევა SLAPP (Strategic Litigation against Public Paritipation) სარჩელები.
SLAPP-ად განიხილება პოლიტიკური თუ ფინანსური თვალსაზრისით გავლენიანი პირების მიერ აღძრული აშკარად უსაფუძვლო სარჩელები (ცილისწამების შესახებ), რომელთა მიზანიც არის არა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ, აქტიური მოქალაქეების გაჩუმება და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნა.