სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ვიზიტის მეორე დღეს შეხვედრებს განაგრძობენ.
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, ვიცე-პრეზიდენტებმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ დევიდ ო’სალივანთან, ჯეიმს ო’ბრაიენთან და კუმარ აიერთან მოლაპარაკებები გამართეს.
უწყების თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინანსური სანქციების აღსრულებას, რომლებიც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს.
„ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელიც სანქციებთან სრულ შესაბამისობაშია.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის საქმიანობას ამ მიმართულებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში.
საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
„ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, საქართველოს საფინანსო სექტორში ყველა იმ რეგულაციის და შეზღუდვის დაცვას, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან დაუწესდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანქციების შესრულების მონიტორინგი საომარი მოქმედებების დაწყების მეორე დღიდანვე ხორციელდება, რომლის შედეგებიც საერთაშორისო პარტნიორებს დღეს დეტალურად გავაცანით", - აღნიშნავს თავის მხრივ, ნათია თურნავა.
27 ივნისს, დღის ბოლოს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. უფრო ადრე, საგარეო უწყებისა და მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, დევიდ ო’სალივანი და ჯეიმს ო’ბრაიენი ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდნენ.
ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს 27 ივნისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება.
ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობენ ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი, კუმარ აიერი.
„ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან.
ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.
იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა.
ოფიციალური შეხვედრები 27 ივნისს დაიწყო.
ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება.
უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.