ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზნებზე საუბრობს. მან უპასუხა შეკითხვებს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობად საქართველოს შესაძლო გამოყენების საკითხსა და შესაძლო სანქცირებაზე.

„არ ვისაუბრებ შესაძლო სანქციებზე, კონკრეტულ შემთხვევებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კონკრეტული სისტემა შექმნილი. თუ ეს სისტემა გააგრძელებს მუშაობას, შევძლებთ, მოვახდინოთ აკრძალული საქონლის იდენტიფიცირება.

ეს არის ახალი სისტემა, რომელსაც ვაუმჯობესებთ როგორც ჩვენთან, ისე აქ. ელექტროსაქონლით ვაჭრობა გარკვეული დროის განმავლობაში ლეგალური იყო - უკვე თებერვლის ბოლოსკენ, კონკრეტული ნივთებით ვაჭრობა გავხადეთ არალეგალური და უკვე ამის შემდეგ დავინახეთ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში - ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტიანი.

უნდა აღინიშნა, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა. ემბარგოს შემდეგ, რუსული ექსპორტი აღდგა საქართველოში, ზოგიერთ გლობალურ კომპანიას შემოაქვს თავისი საქონელი საქართველოში თუ მეზობელ ქვეყნებში, ვიდრე თავად რუსეთში. ჩვენი შეხვედრების მთავარი მიზანია, რომ ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ ამ დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი“, - განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა თბილისში ვიზისიტის შემაჯამებენ პრესკონფერენციაზე.


მისივე განცხადებით, საქართველოში გამართული შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან. ელჩის თქმით, საქართველოში ვიზიტის მიზანი სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა.

„ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რაც გვაქვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც არიან წინა ხაზზე და პასუხისმგებელნი არიან, რომ ხელი შეუშალონ ისეთი რესურსების უზრუნველყოფას რუსეთისთვის, რაც დაეხმარება მათ, გააგრძელონ აგრესიული ომი უკრაინაში.

ბოლო დღე-ნახევრის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან და ასევე, სხვადასხვა პასუხისმგებელ სააგენტოებთან. ჩვენ ასევე შევხვდით ბიზნესსაზოგადოების, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩვენ ასევე შევხვდით პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და დიდი შვიდეულის პარტნიორებს. ამ ტიპისა და ამ დონის შეხვედრები კარგად ასახავს იმ მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.


მისი თქმით, სანქციების მთავარი მიზანია, რუსეთმა არ მიიღოს იმ ტიპის მოწყობილობები, რასაც საომარი მოქმედებების წარმოებისთვის იყენებს.

„ახლა ორი სიტყვით, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ძალისხმევა, განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ, რომ რუსმა სამხედროებმა, რუსეთმა მიიღოს იარაღი, რითიც ახორციელებს აგრესიულ ომს და კლავს უკრაინელ ხალხს.

ჩვენ, როგორც აშშ, ასევე ბრიტანეთი და ევროკავშირი ყურადღებას ვამახვილებთ ელექტრონული მოწყობილობების იმ სახეობაზე, რაც ასე ვთქვათ გამოიყენება ამ მიზნებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ტიპის ელექტრონული აღჭურვილობის თუ მოწყობილობების მიმართულებას.

ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსულ საკვებზე, სასუქზე, ან კიდევ ფართო მოხმარების საქონელზე, არ ვაწესებთ სანქციებს იმისათვის, რომ ამ საქონელმა მიაღწიოს ფართო ბაზარზე. გრძელდება რა ვაჭრობა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ნივთებსა და საქონელზე, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს ბრძოლის ველზე. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი მსჯელობა და დისკუსია ამ პერიოდის განმავლობაში და ეს, რა თქმა უნდა, არის ნაწილი იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რაც ჩვენ გვაქვს“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.