სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯეიმს ო'ბრაიენი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორი, კუმარ აიერი თბილისში ვიზიტს აჯამებენ. აშშ-სა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია უკვე გამართეს.
მოგვიანებით, მედიის შეკითხვებს უპასუხა სალივანმაც.
ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის მიერთებული ევროკავშირის სანქციებზე და არ ახორციელებს სანქციებს, საქართველო იღებს ძალიან სერიოზულ ვალდებულებებს, არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის.
„ჩემ მიერ ნახსენები მიზეზების გამო, საქართველო არ არის მიერთებული ევროკავშირის სანქციებზე და არ ახორციელებს სანქციებს, მაგრამ რაც ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, საქართველო იღებს ძალიან სერიოზულ ვალდებულებებს, არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის, როგორიცაა საქონლით ვაჭრობა, განსაკუთრებით, ეს ეხება 38 პროდუქტს, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე იყენებს“, – განაცხადა ო’სალივანმა.
- დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმად - სალივანი
მისივე თანახმად, საქართველოში მნიშვნელოვან ზომებს იღებენ ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით.
„თბილისში ვიმყოფებოდი ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, რომლის დროსაც შევხვდით საქართველოს ხელისუფლებას. ვფიქრობ, ზოგადი კონტექსტი თქვენთვის ცნობილია. რუსეთის მიერ უკრაიანაში უკანონო ფართოამასშტაბური და არაპროვოცირებული ინტერვენციის დაწყების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ დააწესა უპრეცედენტო დონის სანქციები.
ამ სანქციების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთის უნარს, აწარმოოს ეს ომი, წაერთვას რუსეთის მთავრობას ამ ომის წარმოებისთვის საჭირო შემოსავალი და რუსეთს დაეკისროს დიდი ეკონომიკური საფასური ამ სასტიკი და არაპროვოცირებული ომისთვის.
ამჟამად ჩვენ კონკრეტულად ვსწავლობთ სანქციების გვერდის ავლის საკითხს, კონკრეტულად კი, ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ბრძოლის ველზე საჭირო 38 პროდუქტზე, რომელიც აღმოჩენილია ბრძოლის ველზე უკრაინელების მიერ და რომლებიც გამოყენებულია რუსული იარაღის გასაძლიერებლად. ჩვენ განსკუთრებით ვართ შეშფოთებული, თუ ხდება ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა.
ამის გამო ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეში რამდენიმე ქვეყანაში ვიმყოფებოდით ვიზიტით, ზოგჯერ ერთად, ზოგჯერ ცალ-ცალკე და ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებოდით საქართველოში.
უნდა ვთქვა, რომ საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები. შესაძლოა, ჩვენ ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ვისურვებდით მაღალი დონის თავსებადობას საგარეო პოლიტიკაშიც, თუმცა ჩვენ ასევე გვესმის ძალიან სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და რუსეთთან მრავალმხრივ მჭიდრო კონტაქტების კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სანქციების განხორციელებას.
ბოლო ორ დღეში რაც ვნახეთ, დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმად.
ისინი იღებენ მნიშვნელოვან ზომებს საქართველოდან ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით, იმ სენსიტიურ 38 პროდუქტთან დაკავშირებით. იგივეა ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, სადაც ისინი ძალიან ფხიზლად არიან.
- დევიდ ო’სალივანი თბილისში: გატარებული ზომები ძალიან მყარი გარანტიაა იმისა, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდება
- დევიდ ო’სალივანმა განმარტა, რა პრობლემას იწვევს რუსეთთან პირდაპირი ფრენები
- ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან - დევიდ ო’სალივანი
ჩვენ გულწრფელად შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ ზომებით, რომლებიც მიღებულია. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ აქ ჩამოვედით პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის. კერძოდ, ევროკავშირის მხრიდან ჩვენ, ევროკავშირსა და საქართველოს გვაქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი, რომელიც იმედია, ერთ დღეს გახდება ევროკავშირის წევრი.
სანქციების ეს საკითხი, რომლითაც გარკვეული დრო ვიქნებით მოცული, ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ, რომ ეს არ გახდეს დაბრკოლება ჩვენს მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობებისთვის. მოხარული ვარ, რომ რაც ბოლო ორ დღეში ვიხილეთ, ამის საფუძველს არ იძლევა. ეს ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო და ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“, – განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლების კომენტარებით ირკვევა, რომ მათი ჩამოსვლის მიზანი 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა იყო, რომლებიც გამოიყენება რუსული იარაღის გასაძლიერებლად - დასავლეთს აშფოთებს, ხდება თუ არა ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ასევე გაირკვა ამ ვიზიტიდან, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება, თუმცა ფრენებიც უნდა გაკონტროლდეს. შესაბამისად, ახლა ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი. ხსენებულ საკითხზე თბილისს წინადადებები უკვე წარედგინა:
„შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ, მაგალითად, საუკეთესო, იმ პოზიტიური კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვს ამ მიმართულებით. შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს.