შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას" ტელეწამყვან მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის საფუძველზე.
მანამდე, ნიკოლოზ გუგეშაშვილის სახელით „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ მან სცემა მიშა მშვილდაძე.
გვერდის და პიროვნების ავთენტურობა დადგენილი არ არის.
მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს თბილისში თავს დაესხნენ.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.