„საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნას განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ 28 ივნისს.
გენერალურ პროკურატურაში ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელთან დევიდ ო’სალივანთან და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან - ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენთან და კუმარ იერთან შეხვედრა გაიმართა.
გენერალურმა პროკურორმა შეხვედრაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების განხორციელების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნას განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ ქმედებებზე, რასაც საქართველოს პროკურატურა ახორციელებს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე იმ შედეგებზე, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს პროკურატურას აქვს ეფექტიანი რეაგირების კუთხით, რამაც ჩვენი სტუმრების მოწონება დაიმსახურა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას მხარეები მომავალი თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, რათა ამ მიმართულებით საერთო გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანი ძალისხმევით კიდევ უფრო ეფექტიანად წარიმართოს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.