ზურაბიშვილი რუსეთზე, „რბილი ძალის” პოლიტიკაზე, NATO-სა და ევროკავშირზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში რუსეთთან დაკავშირებით ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც პუტინი ვერ მართავს ომს უკრაინაში, საქართველოზე სამხედრო ზეწოლის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა, რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ საქართველოში გამოსცადოს „რბილი ძალა“.

„რა თქმა უნდა, შეშფოთების გარეშე ვერ იქნები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც [პუტინის] რეჟიმი დასასრულ პერიოდში შედის და ნათელია, რომ პუტინი დღეს ყველაფერს ვერ მართავს და ნამდვილად ვერ მართავს უკრაინაში ომს. ყოველთვის შეგიძლია, შეშფოთებული იყო თუ რა შეიძლება, მოხდეს, ექსცენტრული გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეიძლება, იყოს მიღებული.

ჩვენს შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ, რომ სამხედრო ზეწოლა არსებობდეს, ვინაიდან, ჩვენთან სამხედრო ოკუპაციაა, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება და მანამდეც 1991 წლიდან სხვადასხვა ფორმებით.


ასე რომ, ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. მაგრამ ვფიქრობ, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ახლა რუსეთი გამბედაობას ამოწმებს და ამოწმებს „რბილი ძალის” ფრონტს, რაც არის პროპაგანდა, ყველა ის რუსი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და გავიმეორებ, რომ ეს უნდა კონტროლდებოდეს - არ შეგვიძლია, ამდენი რაოდენობით რუსი შემოვუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე იმის ცოდნის გარეშე, თუ ვინ არიან.

უმრავლესობა, როგორც თქვით, ის ხალხია, რომელიც დღევანდელ რუსეთს გაურბის და პროპუტინული მოსახლეობა არ არის, მაგრამ ასევე ვიცით რუსეთის მუქარები, რომ თუ რუსულენოვანი ხალხი ნორმალურად არ იქნება დაცული - ეს შეიძლება რუსეთის შემოჭრის მიზეზად იქნას გამოყენებული.

ამიტომ, ეს ყველაფერი შეიძლება რუსეთის მიერ იყოს გამოყენებული, მაგრამ მე ვერ ვხედავ რესურსებს ან სურვილს, რომ ახალი ფრონტი გამოცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში. მაგრამ შეიძლება „რბილი ძალის” პოლიტიკას ცდიდნენ - პროპაგანდას - რომელიც საბჭოთა დროიდან რუსეთის ჩვეულებრივი ინსტრუმენტია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სრული მოულოდნელობა იყო ასეთი ფორმით აჯანყების ნახვა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც „ამ მომენტისთვის ნამდვილად დასუსტდა [უკრაინის წინააღმდეგ] ომით“.

„სრული მოულოდნელობა იყო იმის ნახვა, თუ როგორ მარტივად შეუძლია ვინმეს საზღვარი გადაკვეთოს და ჯერ როსტოვში შევიდეს და მოსკოვთან ახლოს სხვა ქალაქებში. მოულოდნელობა იყოს იმის ნახვა, რომ ეს აჯანყება დაწყებიდან ასე სწრაფად დამთავრდა პირდაპირი წინააღმდეგობის გარეშე, რომელიც ჩვეულებრივი რუსული ტრადიციაა“.


მან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც ისაუბრა. ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირი გადამწყვეტ მომენტშია - საქართველოს სჭირდება წლის ბოლო კანდიდატის სტატუსის მიღება.

„[ევროპული] პერსპექტივა მოგვცეს, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, ეს ნიშნავდა, რომ გეოგრაფია საქართველოსთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ არის, როგორც ეს ბევრი წლის განმავლობაში იყო.

შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მიღებაა და ამ “რბილ ომში,” რომელიც რუსეთთან გვაქვს, ვფიქრობ ევროკავშირს არ შეუძლია საქართველოს დაკარგვა, ქართველი ხალხისთვის კვლავ იმედის გაცრუება და რუსეთისთვის “სათამაშოდ” მარტივი ადგილის მიცემა.


ასე რომ, ეს ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც, რა თქმა უნდა, დემოკრატიული რეფორმებსა და პროცესს ითვალისწინებს, რომელიც ბოლო პერიოდში ისეთი დამაკმაყოფილებელი არ არის, როგორიც უნდა იყოს. მაგრამ ეს პირობები შეიძლება დარჩეს, შეიძლება დაემატოს, ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირმა შეიძლება სწორი სიტყვები და ფორმატი შეარჩიოს, მაგრამ კვლავ - ეს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ის ფიქრობს, რომ საქართველოს ვროკავშირში მოხვედრის დიდი შანსები აქვს და ევროკავშირისა და NATO-ს გზები ძალიან პარალელურია, საქართველო ძალიან აქტიური იყო NATO-სთან ურთიერთობებში, აქტიურად იყო NATO-ს მისიების წევრი ერაყსა და ავღანეთში. ჰქონდა NATO-ს წვრთნები ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აქვს ტერიტორიები.


„ამდენად, NATO-სთან ჩვენი კავშირი ძალიან ახლოა, მაგრამ დღეს ევროკავშირის გზა, ალბათ, უფრო ახლოდ ჩანს, ვინაიდანნ, უკრაინამ ფაქტობრივად დააჩქარა ასოცირებული ტრიოსთვის და ალბათ სხვებისთვისაც (ბალკანეთისთვის) ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გზა. რაც შეეხება NATO-ს, შემდეგ სამიტზე ცენტრალური თემა უკრაინა იქნება, ყველამ ვიცით ეს, და უსაფრთხოების გარანტიები იქნება უკრაინისთვის, არ ვიცი რა ტიპის, და ეს ნორმალურია. ეს არის ის, რასაც უკრაინა დღეს იმსახურებს და არანაირი ფორმის შეჯიბრი არ არსებობს და უკრაინის ნებისმიერი წინსვლა ნამდვილად სასარგებლო იქნება საქართველოსთვის“.