როგორ შეიძლება იქონიოს გავლენა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე, სადაც ბოლო წლებში იმყოფებოდნენ რუსი დაქირავებული მეომრები, ამასთან დაკავშირებით, Wall Street Journal-მა (WSJ) ვრცელი მასალა გამოაქვეყნა.
გამოცემის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სასწრაფოდ გაემგზავრნენ სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.
WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც წლების განმავლობაში უარყოფდა „ვაგნერთან“ კავშირს, შაბათს პრიგოჟინის კოლონის შეჩერების შემდეგ აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო, რათა დაემშვიდებინა პარტნიორები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, რომ იქ „ვაგნერის“ ოპერაციები გაგრძელდება, ოღონდ უკვე სხვა ხელმძღვანელობით.
„როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს, მიითვისოს პრიგოჟინის დაქირავებული ჯარისკაცების ფართო ქსელი, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შესაძლებელია ეს და რამდენად სწრაფად შეიძლება ეს მოხდეს“, - აღნიშნავს გამოცემა.
„ვაგნერი’ დაეხმარა რუსეთს თავისი გავლენის გაძლიერებაში და მთავრობას არ სურს მასზე უარის თქმა“, - იმოწმებს WSJ ჯონ პიტერ ფამს, აშშ-ის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს დასავლეთ აფრიკაში, საჰელის რეგიონში.
WSJ ასევე ეყრდნობა რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტს, რომლებიც ამბობენ, რომ აშშ-ს შეუძლია ისარგებლოს დაბნეულობით და გავლენის ხელში ჩაგდებას შეეცადოს ქვეყნებში, სადაც აქტიური იყო „ვაგნერი“.