ლიეტუვის მთავრობამ დაამტკიცა ორმაგი დანიშნულების საქონლის ტრანზიტის დროებითი აკრძალვა, რომელმაც შესაძლოა, რუსეთს ან ბელორუსს მიაღწიოს და რომელიც შესაძლოა, გამოიყენებოდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში, იტყობინება Baltic News Agency (BNS).
BNS წერს, რომ ეს ნაბიჯი ინიცირებული იყო ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტროს მიერ და მოიცავს 57 ტიპის საქონელს, ძირითადად მიკროელექტრონიკას და ნახევარგამტარულ კომპონენტებს.
„ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ ეს საქონელი, რომელიც დასავლეთ ევროპიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადადის, შეიძლება, გამოყენებულ იყოს უკრაინის ბრძოლის ველზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ტერიტორია ამისთვის გამოიყენონ და სწორედ ამიტომ ვაწესებთ მსგავს შეზღუდვებს. - ციტირებს BNS ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრს.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი მიზნად ისახავს მოსკოვის შესაძლებლობის შეზღუდვას, შეიძინოს ორმაგი დანიშნულების საქონელი, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს სამხედრო წარმოებისთვის მესამე ქვეყნების მეშვეობით.
უკრაინის ოფიციალური პირები თავიანთ დასავლელ პარტნიორებთან ჩიოდნენ, რომ რუსეთი წარმატებით არღვევს სანქციებს და სხვა ქვეყნების მეშვეობით შემოაქვს უცხოური წარმოების კომპონენტები მოწინავე იარაღის შესაქმნელად, როგორიცაა, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები.