საია-ს თავმჯდომარე: აუცილებელია, შეწყდეს მაღალი ტრიბუნიდან განცხადებები, რომლებიც შესაძლოა, ძალადობრივ ქმედებებს ახალისებდეს

ძალადობის ფაქტები, რომლებიც დროში ერთმანეთს ემთხვევა და რაღაცნაირად ერთ ხელწერას ჰგავს, აჩენს იმის განცდას, რომ შესაძლოა, ეს არ იყოს ცალკეული შემთხვევები და ამას უფრო ორგანიზებული სახე ჰქონდეს, - განაცხადა საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ცალკეულ პოლიტიკოსებსა და "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თანახმად, აუცილებელია, რომ მსგავსი ძალადობის შემთხვევები გამოძიებული იყოს.

„ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გამოვლინდეს, ხომ არ აქვს ამას ორგანიზებული სახე და არის თუ არა ეს რაღაც ეპიზოდებად დაყოფილი. ასევე, მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ამ ქმედებებს გარკვეულწილად, შეიძლება, ახალისებდეს კიდეც, აუცილებლად უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

„პირველ რიგში, აქეთკენ მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, მოვუწოდებთ NGO-ებს და მოვუწოდებთ ბუნებრივია, მათ პატრონებს, არავინ წაახალისოს ძალადობა, ნუ დაარქმევენ ვერბალურ, თუ ფიზიკურ ძალადობას სამოქალაქო აქტივიზმს, იმიტომ, რომ სხვებიც იჯერებენ მერე და ხედავთ, რომ ძალადობის კონკრეტული ფაქტები იყო. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, ნუ წაახალისებენ ნურც ფიზიკურ და ნურც ვერბალურ ძალადობას“, - განუცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიას 28 ივნისს.

ის გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც „აუცილებელი მოგერიების პირობებში“ „ხელებს დაალეწვაზე“ საუბრობდა.