რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მებრძოლი 160 მოხალისის წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. წერს რუსულ მედიაზე დაყრდნობით The Guardian-ი.
„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ჩვენს მიერ შეგროვებულია მტკიცებულებები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში საქართველოდან, აშშ-დან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან დაქირავებული სამხედროების მონაწილეობის შესახებ. ამჟამად საუბარია 160 დაქირავებულ სამხედროზე მსოფლიოს 33 ქვეყნიდან“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა.
უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ამბოხების დაწყების შემდეგ იბრძვის „ქართული ლეგიონი“. ის დღეს დაახლოებით 1300 სამხედროს აერთიანებს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ორ თვეში, 2022 წლის აპრილში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაქირავებულობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის მიმართ. მათ შორის საქმე აღძრულია ლეგიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ. 2023 წლის მარტში, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ 4 ქართველ მებრძოლს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან ქართველი მოხალისეების სხვა ჯგუფებიც.